საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი მმართველ პარტიას მოუწოდებს, ხელახლა წარდგენილი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს. მიღების შემთხვევაში, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი საქართველოს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებთან დააკავშირებს, სადაც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის და ასევე, ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიონ წარდგენილი კანონი," - წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია